Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული ბმულები, აგრეთვე საელჩოს Twitter-ისა (@GeoEmbDoha) და FB-ის გვერდები (@GeorgiainQatar), შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თვალყური მიადევნოთ საქართველოს და კატარს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას, შეიტყოთ საელჩოს სიახლეები და მოიძიოთ ინფორმაცია საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს და არაბულ სამყაროს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობები, კულტურული კავშირები და ხალხთა შორის არსებული მეგობრობა ქმნის ხელსაყრელ წინაპირობებს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1993 წელს საქართველოს და კატარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამ საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების დაწყებას. კატარი იყო პირველი სახელმწიფო ყურის რეგიონიდან, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში. კატარი მუდამ იყო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი.

ჩვენი რეგიონების გეოგრაფიული სიახლოვე ბუნებრივად უწყობს ხელს ურთიერთობების მრავალი მიმართულებით განვითარებასა და გაღრმავებას. ჩემი, როგორც საქართველოს ელჩის მიზანია საქართველოს და კატარის სახელმწიფოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება და გაღრმავება. პოტენციალი ამ მხრივ დიდია, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, კარგი საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ევროკავშირთან, ჩინეთთან, EFTA-ს ქვეყნებთან, ყველა უშუალო მეზობელთან და ქვეყნის ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის, მათ შორის ჩვენი კატარელი პარტნიორებისთვისაც.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები უფრო მეტად გაძლიერდება და უფრო დინამიური გახდება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ვებ-გვერდით მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენთვის. 

ნიკოლოზ რევაზიშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი