საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
2023 წლის 1 ივნისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
ღონისძიებას კატარის მთავრობის, ბიზნეს სექტორის, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, აკადემიური წრეებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაესწრნენ.
საზეიმო მიღებაზე საზოგადოების წინაშე წარსდგა ქართული ფოლკლორული ანსამბლი - კვინტეტი „ურმული“, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით კატარს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.