სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის მე-10 გენერალური ასამბლეა
2025 წლის 25 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის მე-10 გენერალური ასამბლეის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 20 ქვეყნის დელეგაცია. საქართველოს წარმოადგენდნენ კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე გრიგალაშვილი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ირინე საგანელიძე.
სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელი დაფუძნდა 2014 წელს ქ. სეულში, კორეის ფონდის (Korea Foundation) ინიციატივით. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობას კულტურული და საზოგადოებრივი ინიციატივების, აგრეთვე ცოდნის გაზიარების საშუალებით. ქსელი აქტიურად მუშაობს კულტურის დიპლომატიის განვითარების მიმართულებით და მართავს მრავალ საერთაშორისო ღონისძიებას.
სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის მე-10 გენერალური ასამბლეზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მზარდ გამოწვევებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს წინაშე დგას, რაც ხაზს უსვამს სახალხო დიპლომატიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. განხილულ იქნა 2025-2026 წლებში საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობები.