საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
კატარის სახელმწიფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები იხსნება. კერძოდ, მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება გაიკეთონ PCR ან სწრაფი ტესტი გამომგზავრებამდე, შეავსონ მგზავრობის წინ სარეგისტრაციო ფორმები, ასევე კატარის ბინადრობის მქონე პირები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან გაიკეთონ ტესტი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.
ძალაში რჩება მოთხოვნა ვიზიტორების მიერ სპეციალური სატელეფონო აპლიკაციის გააქტიურების შესახებ. კატარში ჩასულმა ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ მობილურ მოწყობილობაზე უნდა გადმოწეროს და გაააქტიუროს სპეციალური აპლიკაცია - Ehteraz. ამისათვის მგზავრს უნდა ჰქონდეს კატარის მობილური სერვისების პროვაიდერი ერთ-ერთი კომპანიის (Ooredoo, Vodafone) ან საერთაშორისო SIM ბარათი. საჭიროების შემთხვევაში SIM ბარათები ხელმისაწვდომია ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში და აბუ სამრას სასაზღვრო პუნქტში.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კატარში დაგეგმილ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით კატარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 23 დეკემბრამდე კატარში შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა.
2022 წლის 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე შეწყდება ვიზიტორებისთვის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო საზღვრებზე კატარის ვიზის გაცემა. ხსენებულ პერიოდში კატარის სახელმწიფოში შემოსვლას შეძლებენ მხოლოდ ე.წ. Hayya ბარათის მქონე საქართველოს მოქალაქეები.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირებზე.
Hayya Card - წარმოადგენს უნიფიცირებულ ბარათს, რომლის ფლობა აუცილებელია ხსნებულ პერიოდში კატარის საზღვრის გადასაკვეთად და ჩემპიონატის მსველობისას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, ასევე უფასო საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისთვის.
Hayya Card შესაძლოა იყოს როგორც ციფრული, ასევე ბეჭდური სახის. Hayya Card გაიცემა მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე დასწრების ბილეთებს.
ბილეთის შეძენის შემდეგ მოქალაქემ აუცილებელია წარადგინოს განაცხადი Hayya Card-ის მისაღებად შემდეგ ბმულზე: https://hayya.qatar2022.qa, ასევე ჩამოტვირთოს და გააქტიუროს „Hayya to Qatar 2022“ აპლიკაცია საკუთარ მობილურ ტელეფონზე.