საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კატარის ეროვნულ კვლევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის

2022 წლის 21 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა კატარის ეროვნულ კვლევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის. 

კატარის ეროვნული კვლევის ფონდი დაარსდა 2006 წელს კატარის ფონდის მიერ (Qatar Foundation). ფონდის ძირითადი ამოცანაა სამეცნიერო კვლევების დაფინანსება ენერგეტიკის და გარემოსდაცვით, ტექნოლოგიების და ინოვაციების, ჯანმრთელობის დაცვის და ბიომედიცინის, ასევე ხელოვნების და სოციალური მეცნიერების სფეროებში. ფონდის მიერ დაარსებიდან დღემდე 1.4 მილიარდი აშშ დოლარის სამეცნიერო კვლევებია დაფინანსებული.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კატარის ეროვნულ კვლევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობები, მათ შორის საერთო სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზების მიმართულებით. 

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის ფონდებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მომზადების თაობაზე, რომელის განსაზღვრავს თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს და ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. 

ონლაინ შეხვედრაში მონაწილოება მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა. კატარული მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ კატარის ეროვნული კვლევის ფონდის დირექტორი ჰიშრამ საბირი, კვლევების და პროგრამების ხელმძღვანელი ომარ ფარუკ ბუკრისი და ფონდის სხვა წარმომადგენლები.