კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფო კომპანიის „Hassad Food“ აღმასრულებელ დირექტორს, მუჰამედ ბინ ბადრ ალ სადაჰს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.
Hassad Food წარმოადგენს კატარის საინვესტიციო საზოგადოების ერთ-ერთ კომპანიას, რომლის მთავარი ფუნქცია კვების და აგრობიზნესის სექტორში ინვესტირება და კატარის სურსათის უსაფრთხოებაა.
ნინო თანდილაშვილმა კომპანიის „Hassad Food“ აღმასრულებელ დირექტორს, ინფორმაცია მიაწოდა საექსპორტო პოტენციალის მქონე ისეთი ქართული პროდუქციის შესახებ, როგორებიცაა ქართული თხილი, თაფლი, მინერალური წყლები და ზეთისხილის ზეთი.
შეხვედრაზე იმერეთის აგროზონაში შესაძლო ინვესტირების შესაძლებლობაზეც გამახვილდა ყურადღება. Hassad Food-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე.
აღსანიშნავია, რომ 10-14 მარტს კატარის სახელმწიფოში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა „აგრიტეკი” იმართება, სადაც 50-მდე ქვეყნის 300-მდე კომპანია მონაწილეობს და ათასობით ვიზიტორს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს გამოფენა და ქართული აგროპროდუქტის საექსპორტო პოტენციალს გაეცნოს.
11.03.2022