2022 წლის 11-14 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. ვიზიტის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან სალეჰ ბინ ალ-მარისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საზღვარო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში კატარის მოქალაქეების და რეზიდენტების სწავლების და კატარის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწვეტილება ხსენებული შეთანხმების უახლოეს პერიოდში ხელმოწერის შესახებ.
ა.წ. 13 სექტემბერს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა შეხვედრა გამართა კომპანია - Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტთან ანდერს ლუნდ კრისტენსენთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე Milaha-ს მიერ საქართველოში ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობის დაწყების პერსპექტივები. საქართველოს დელეგაციამ ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კატარულ მხარეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების, ლოგისტიკურ და სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ.
Milaha წარმოადგენს ყველაზე მსხვილ გადამზიდავ და ლოჯისტიკურ კატარულ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან შავ ზღვაზე ახორციელებს „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტს. ხსენებული პროექტი ითვალისწინებს ფოთის, კონსტანცას (რუმინეთი), ამბარლის (თურქეთი) და პირეოსის (საბერძნეთი) პორტებს შორის, ასევე ხმელთაშუაზღვის პორტების მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებს.
კატარში ვიზიტის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ეწვია ჰამადის პორტს, სადაც ქართული დელეგაციის წევრებმა ნავსადგურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ საპორტო ოპერაციებს და გაიზიარეს კატარის გამოცდილება საპორტო მართვის სისტემების დიგიტალიზაციის და ეფექტური მართვის კუთხით. ჰამადის პორტში ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრა კატარის პორტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან აბდულლა მოჰამედ ალ-ხანჯისთან.