2022 წლის 15 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.
სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როზმარი დიკარლო, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების - იაპონიის და მალტას წარმომადგენლებმა.
ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი; დაგმეს რუსეთის უკანონო შეჭრა და სამხედრო ყოფნა საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემო, მათ შორის ისეთი უკანონო ქმედებები, როგორიც არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, თავისუფალი გადაადგილების შეფერხება, ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვა, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა.
ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3w7plhf