საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მონაწილეობა მიიღო კატარის კულტურული ფონდის - Katara-ს მიერ ორგანიზებულ გასტრონომიული დიპლომატიის ფორუმში

2022 წლის 19 მაისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მონაწილეობა მიიღო კატარის კულტურული ფონდის - Katara-ს მიერ ორგანიზებულ გასტრონომიული დიპლომატიის ფორუმში (Gastro-Diplomacy Forum). 


ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქართული სამზარეულოს ისტორიასა და კულტურაზე, ასევე გასტრონომიული დიპლომატიის როლზე ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების და კულტურული კავშირების განვითარების პროცესში. ფორუმზე ნაჩვენები იქნა ქართველი შეფ მზარეულის ირაკლი დუნდუას მიერ ტრადიციული ქართული კერძების მომზადების ამსახველი ვიდეო, რომელიც საელჩოს ორგანიზებით სპეციალურად აღნიშნული ფორუმისთვის შეიქმნა.

ფორუმის ფარგლებში ქართული სამზარეულოსთვის განკუთვნილ სტენდზე განთავსდა სხვადასხვა ქართული კერძი, ქართული მინერალური წყლები და ნატურალური წვენები. ფორუმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული კერძები.  

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ფორუმი სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის (GPDNet) ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. 2020 წლის 21 იანვარს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით საქართველო  სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის (GPDNet) სრულუფლებიანი წევრი გახდა. 

სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელი დაფუძნდა 2014 წელს ქ. სეულში, კორეის ფონდის (Korea Foundation) ინიციატივით. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობას კულტურული და საზოგადოებრივი ინიციატივების, აგრეთვე ცოდნის გაზიარების საშუალებით. ქსელი აქტიურად მუშაობს კულტურის დიპლომატიის განვითარების მიმართულებით და მართავს მრავალ საერთაშორისო ღონისძიებას. 2020-2023 წლის განმავლობაში სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის თავჯდომარე ქვეყანას კატარი წარმოადგენს.