ა.წ. 16 თებერვალს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა მორიგი შეხვედრა გამართა კატარში და ყურის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელის -Lulu Group International-ის დირექტორთან, მოჰამედ ალტაფთან.
შეხვედრაზე მხარეებმა Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქციის განთავსებაზე ისაუბრეს. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ადგილობრივ ბაზარზე მათი ხელშეწყობის მიზნით, მიღწეულ იქნა შეთანხმება Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქციის გამოფენა/ბაზრობის (Georgian Food Fair) გამართვასთან დაკავშირებით.
მოჰამედ ალტაფმა გამოთქვა მზადყოფნა, ქართული პროდუქციის გამოფენა/ბაზრობის დასრულების შემდეგ, განახორციელოს ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ელჩმა Lulu Group International-ის დირექტორს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ჰინდური გამოცემა, რომელიც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ხელშეწყობით ითარგმნა და გამოიცა.