საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და კატარს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატების ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ა.წ. 8 თებერვალს, ქ. დოჰაში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის დიპლომატების ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის სახელით ხელი მოაწერა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, ხოლო კატარის მხრიდან, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა აბდულაზიზ ბინ მოჰამედ ალ ჰორმა. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს დიპლომატიურ სამსახურებს შორის დიპლომატიური პერსონალის მომზადების სფეროში. კერძოდ, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ შემდეგი მიმართულებებით - რეგულარული და ინდივიდუალური კურსების ორგანიზება, დიპლომატების, ლექტორების, მკვლევარებისა და სტუდენტების გაცვლითი სასწავლო პროგრამების განხორციელება, ერთობლივი კვლევების ჩატარება, სამეცნიერო ნაშრომების მომზადება, უცხო ენების სწავლების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის სფეროში გამოცდილების გაზიარება.