საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ ალ ნუაიმისთან

2021 წლის 7 დეკემბერს, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ ალ ნუაიმისთან. 

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და კატარს შორის უმაღლესი განათლების და სამეცნიერო კვლევების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსა და კატარს შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კატარულ მხარეს ყოველწლიურად ქართველი სტუდენტისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე გამოყოფილი სტიპენდიებისთვის და კატარის ფონდის (Qatar Foundation) მიერ კატარში არსებულ ამერიკულ უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილი დაფინანსებისთვის.