საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2021 წლის 23 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში გაიმართა მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა უწყებებს შორის.

საქართველის დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კონსულტაციებში მონაწილეობდნენ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი და ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ალექსიძე. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა გენერალური მდივანი აჰმად ჰასან ალჰამადი (H.E Dr. Ahmad Hassan Al-Hamadi).

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ფართოდ მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორმხრივ აქტუალურ თემებს, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი ნაბიჯების შემუშავებისა და ორმხრივი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კატარის მხარეს მიაწოდა სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა  გაცვალეს აგრეთვე ინფორმაცია რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, განიხილეს ავღანეთში მიმდინარე მოვლენები და შექმნილი ვითარება, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება ევაკუაციის პროცესში გაწეული სამუშაოების და  ძალისხმევის შესახებ. დელეგაციების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.