საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველმა სტუდენტებმა Ajyal Film Festival-ში ჟიურის წევრების რანგში მიიღეს მონაწილეობა

2021 წლის 7-13 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და დოჰას კინოს ინსტიტუტის (Doha Film Institute) ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჟიურის წევრების რანგში მონაწილეობა მიიღეს დოჰას კინოს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში - Ajyal Film Festival. საელჩოს მხარდაჭერით ქართველი სტუდენტები ჟიურის წევრების რანგში უკვე მეორე წელია იღებენ მონაწილეობას ხსენებულ ფესტივალში.

Ajyal Film Festival კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ახალგაზრდული ღონისძიებაა, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში  წარიმართა  და უმასპინძლა კინოს სფეროს ექსპერტებს და ახალგაზრდა მონაწილეებს მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან. 

ფესტივალის ფარგლებში ქართველმა სტუდენტებმა ჟიურის წევრების რანგში უყურეს სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებულ მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს, ხმა მისცეს თავიანთ რჩეულ ფილმებს და გამოავლინეს ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულები. ასევე, ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ ცნობილ კინორეჟისორებს და მსახიობებს და მონაწილეობა მიიღეს ონლაინ სემინარებში ფილმების გადაღების ტექნიკისა და კინოხელოვნების შესახებ.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ დოჰას კინოს ინსტიტუტის სერთიფიკატები Ajyal Film Festival-ის ჟიურის პროგრამაში მონაწილეობისთვის.