საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის (H.R. 4350) კანონპროექტი, რომელიც 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

მნიშვნელოვანია, რომ იმ 780 შესწორებას შორის, რომელიც კონგრესმენების მხრიდან საკომიტეტო განხილვისას დასამტკიცებლად იქნა  წარდგენილი, ასევე, არის ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ოსტინ სკოტის შესწორება, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას ეხება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველო, ტრადიციულად, მოაზრებულია აშშ-ის ღირებულ პარტნიორად, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგულია; ხაზგასმულია ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ცალსახა მხარდაჭერა ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.  სამხედრო კომიტეტი, ასევე, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის როლს და აღნიშნავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.
ამასთან, კანონპროექტი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისადმი აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევ ერთგულებას და მკაფიო მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს რუსეთის განგრძობადი აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე. კონგრესი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს საქართველოს დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გასაძლიერებლად, მათ შორის, ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობებით.  
კანონპროექტი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით,  მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხელშეწყობას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთავსებადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერებას. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობის გაგრძელება.

საქართველოს შესახებ შესწორება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე, Text of Legislation, Chairmans Mark En Bloc #2: https://www.congress.gov/event/117th-congress/house-event/114012?s=3&r=2

სრულად: https://mfa.gov.ge/News/ashsh-is-carmomadgenelta-palatis-samkhedro-komitet.aspx?CattID=5&fbclid=IwAR3jXJNVQwrNxLGaMzHBRwq41gIRGmQ5R_1sO55TVuu1TyZq18IAsiHs64Y