საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე

2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს მოწყობის და ქვეყნის პოლიტიკის ამოსავალი პრინციპები: სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი; დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა; ნეიტრალიტეტი; კეთილგანწყობა ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით მეზობლებთან; სრული სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება; ეროვნულ უმცირესობათა თავისუფალი განვითარება. კონსტიტუციის მიღებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ.

საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც ხელისუფლების სათავეში სოციალისტები მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, წამყვანი პოლიტიკური ძალა - სოციალ-დემოკრატია ცდილობდა მკაფიოდ გაემიჯნა ერთმანეთისგან პარტიული დოქტრინა და კონსტიტუცია, შესაბამისად, იყო მცდელობა შეექმნათ არა სოციალისტური კონსტიტუცია, არამედ - დემოკრატიული.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1921 წ.წ.), მიუხედავად თავისი არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე. აღნიშნულს ორგანულად უკავშირდებოდა 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე; საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებასა და განმტკიცებაზე.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პირველი თანამედროვე კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა. დოკუმენტის შემუშავება სამი წელი გრძელდებოდა, თუმცა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მხოლოდ ოთხი დღე მოქმედებდა. 

ქვეყნის ძირითად კანონს საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის შერეული მოდელი, რომლის მიხედვითაც მოხდა „ფრანგული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიისა“ და „შვეიცარიული უშუალო დემოკრატიის“ პრინციპების შეზავება საუკეთესო სინთეზის მიღების მიზნით. ამავე დროს გათვალისწინებული იყო იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპი ხალხის სუვერენიტეტის რეალური უზრუნველყოფა იყო. იმდროინდელი ქართველი სოციალისტების იდეალს უშუალოდ დემოკრატია წარმოადგენდა, თუმცა განხორციელების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემუშავდა წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისტემა, რომელიც ივსებოდაპირდაპირი დემოკრატიის ჩართვით“ - საკანონმდებლო ინიციატივითა და რეფერენდუმით. მათ განიხილავდნენ როგორც ხალხის პირდაპირი მმართველობის ელემენტებს.


ქვეყნის ახალი ძირითადი კანონი, 1995 წლის კონსტიტუცია, მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობად, სწორედ, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ასახელებს, რითაც მოხდა მისი დემოკრატიული სულისკვეთების აღიარება და ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულების დაადასტურა.