საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველომ და კატარმა ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

2020 წლის 22 დეკემბერს, ქ. დოჰაში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებას ქართული მხრიდან ხელი მოაწერა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, ხოლო კატარული მხრიდან კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ ალ ნოემიმ.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ზოგადი და უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ზოგად განათლებასთან დაკავშირებით შეთანხმება მოიცავს საქართველოს და კატარში არსებულ სკოლებს შორის თანამშრომლობის ისეთი მიმართულებების განვითარებას,  როგორიც არის სასწავლო გეგმის სტანდარტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მოსწავლეთა მოსწრების ეროვნული და საერთაშორისო შეფასება, სწავლების თანამედროვე საშუალებებისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი კურსების ორგანიზება, მოსწავლეთა და სკოლის სპორტული გუნდების გაცვლითი ვიზიტები, სასკოლო გამოფენების ორგანიზება და სხვა.


უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიების მხრივ შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის აკადემიურ პროგრამებზე, უმაღლესი განათლების დაწესებულებების პროფესორების, სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებისა და მკვლევარების გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება, ინფორმაციის, გამოცდილებისა და  კვლევების გაცვლა უმაღლეს განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, ერთობლივი კონფერენციებისა და დოქტორანტურის სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება,  ერთობლივი კვლევების განხორციელება და ა.შ.