საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველმა სტუდენტებმა ჟიურის რანგში მონაწილეობა მიიღეს „დოჰას კინოს ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში

ა.წ. 12-23 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებითა და „დოჰას კინოს ინსტიტუტთან” (Doha Film Institute) თანამშრომლობით,  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა ჟიურის რანგში მონაწილეობა მიიღეს „დოჰას კინოს ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში - Ajyal Film Festival. 

ფესტივალი კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური საერთაშორისო ახალგაზრდული ღონისძიებაა, რომელიც წელს ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და უმასპინძლა კინოს სფეროს ექსპერტებს და ახალგაზრდა მონაწილეებს მსოფლიოს 45 ქვეყნიდან.

ფესტივალის ფარგლებში ქართველმა სტუდენტებმა, როგორც ჟიურის წევრებმა, უყურეს მოკლემეტრაჟიან და მხატვრულ ფილმებს მთელი მსოფლიოდან, ხმა მისცეს თავიანთ რჩეულებს და მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულების შერჩევაში. ასევე, ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ კინორეჟისორებს და მსახიობებს და მონაწილეობა მიიღეს ონლაინ სემინარებში ფილმების გადაღების ტექნიკისა და კინოხელოვნების შესახებ.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ „დოჰას კინოს ინსტიტუტის“ სერთიფიკატები აღნიშნული ფესტივალის ჟიურის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.