საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

 

2019 წლის 15 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია კატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას კატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანმა უმასპინძლა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიზიტის ფარგლებში, კატარის მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, ამასთანავე, ხაზი გაუსვა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებგანზრახულობათა დოკუმენტს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები კატარის ეროვნული მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ.