საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის უმასპინძლა

2018 წლის 11-13 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და კატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან ცოცხალი ცხვრის, ცხვრის, საქონლის და ფრინველის ხორცის, მშრალი და ახალი ხილის, ბოსტნეულის, თაფლის ექსპორტის, ასევე, საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ცხოველთა დაავადებების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკოტურიზმის, აგროტურიზმის და ბიოწარმოების კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ქართული თაფლის იმპორტით, ვინაიდან, კატარის ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა მზარდია, წარმოებული პროდუქცია კი, საკმარისი არ არის.

მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის განცხადებით, საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან.

მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ჩემს კოლეგასთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში წარმოებულ აგროსასურსათო პროდუქციას არა მხოლოდ კატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს. ქართული პროდუქტები მიმზიდველია, როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით“, - განცხადა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, კატარის დელეგაციის წევრებმა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც უმასპინძლა. სტუმრები, კომპანიებშიცბარამბოდაზედაზენიიმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს გულითადი მასპინძლობისთვის და კოლეგა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, კატარის რესპუბლიკაში, 2019 წლის მარტში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია.