საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

ა.წ. 11 იანვარს დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (Doha International Book Fair) ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს თარგმანისა და პუბლიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა მუჰამედ ჰასან ალკუვარმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია წიგნის თარგმნისა და გამოცემის ისტორიის შესახებ. საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა მადლობა გადაუხადა კატარულ მხარეს წიგნის გამოცემისათვის გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისათვის.

ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი კრებულის პრეზეტაციას დაესწრო მწერლის შვილი ქეთევან დუმბაძე, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს, კატარის კულტურისა და სპორტის სამინიტროს და წიგნის მთარგმნელს გაწეული საქმიანობისთვის. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისა და ქართული ლიტერატურის შესახებ.

საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიდოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში ჩართულ კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის სამინისტროს ექსპერტს მუსტაფა მუბარაქ მუსტაფას, რომელსაც პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა - „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად.